top of page
405239699_1006171950458828_9210173047202724122_n (1).png

,,უხილავი ქალაქები": ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში ადრეული ქორწინების მედიაგაშუქება 

ადრეული ქორწინების პოსტფაქტუმ გაშუქების ეფექტი

6 ოქტომბერს ქართულ მედიაში შემაძრწუნებელი ამბავი გავრცელდა 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ, რომელიც ადრეული ქორწინების მსხვერპლი იყო და ორთვიანი ტყვეობის შემდეგ მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდა. აღნიშნული ამბავი ათეულობით ქართულმა მედია საშუალებამ გააშუქა, თუმცა, როგორც ირკვევა, გოგოს ტყვეობის პროცესში ამ ფაქტზე ყველა სექტორი, მათ შორის მედიაც, დუმდა.

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია შესაბამის  პირებს ამ ფაქტზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მედიის აქტიურობის დინამიკა ადრეული ქორწინების თემატიკის გაშუქებისას მხოლოდ პოსტფაქტუმ ეფექტის მქონეა, მიუხედავად იმისა, რომ  ჟურნალისტები აქტიურად აქვეყნებენ ამ მწვავე და აქტუალურ საკითხს. საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობით ქალთა უფლებების დაცვა - რისი პასუხისმგებლობაც, როგორც წესი, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მედიას მნიშვნელოვნად ეკისრება, ადრეული ქორწინების საკითხების შესწავლითა თუ გაშუქებით ეფექტურად ვერ ვლინდება. 

 

ადრეული ქორწინება საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის და ეს საზიანო ტენდენცია საქართველოს მასშტაბითაც გავრცელებული მოვლენაა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2017 წელს ადრეული ქორწინების თემაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, შემთხვევების სტატისტიკა განსხვავდება რეგიონებში და ყველაზე მაღალი მონაცემი კახეთში ფიქსირდება. მას მოსდევს ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს სამი ძირითადი ეთნიკური ჯგუფიდან (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები) აზერბაიჯანელი ქალების ადრეული ქორწინების მაჩვენებელი (37.6%) დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა ქართველ თემში ამ პრეცედენტის გავრცელების მასშტაბებს (12.4%). მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ აღნიშნული სტატისტიკა არ არის ზუსტი და შემთხვევების აღრიცხვის პრობლემატურობა მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის არსებული სიტუაციის სიმწვავის რეალურად აღქმისათვის.

სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქართული მედია ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიურობას თავისი საქმიანობის პროცესში: ,,მედია ებრძვის ადრეული ქორწინების შედეგებს. ამ გამოწვევას აქვს ძალიან ბევრი ასპექტი და ჟურნალისტების ზედაპირული შეტყობინება - ,,არ გაათხოვო შენი შვილი", საკითხს ვერ გადაწყვეტს. როცა ამ პრობლემის მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, აღნიშნულ ასპექტებზე უნდა მუშაობდეს მედია და არა - მხოლოდ შედეგებზე“. 

,,მედია მხოლოდ მაშინ ინტერესდება ეთნიკური უმცირესობების ამბების გაშუქებით, როდესაც ადრეული ქორწინება, პოლიტიკური დაპირისპირება თუ სხვა სახის ინციდენტი ხდება"

 - თოზუ გულმამედლი, აქტივისტი

დანაშაულის ტრადიციულ ნორმად კლასიფიცირების პრობლემა

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქალებისთვის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს კულტურა და ტრადიციები წარმოადგენს. საქართველოს ზოგიერთ თემში ბავშვთა ქორწინება კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ასპექტია. მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია და რადგანაც ამ ფენომენს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გენდერული როლები, ის გენდერულ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

 

მედიის მხრიდან აღნიშნული შემთხვევების გაშუქებისას მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ადრეული ქორწინების ტრადიციულ ნორმად კლასიფიცირება, რამეთუ ეს მიდგომა კიდევ უფრო ართულებს ამ გამოწვევასთან წინააღმდეგობის პროცესს. ადრეულ ასაკში ქორწინება ხელყოფს განათლების სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და არღვევს გოგონების უფლებებს. მიყენებულ ზიანს კი ვერ გაამართლებს ადრეული ქორწინების ვერავითარი კულტურული, რელიგიური თუ ეკონომიკური მოტივი.

صورة-الغلاف-مع-اللوغو-removebg-preview.png

,,ძიძია იყო თექვსმეტი წლისა, მაშასადამე, ასაკში მოსული ქალი"

 ,,ხევისბერი გოჩა" - ალექსანდრე ყაზბეგი

ეთნიკურ უმცირესობებში ადრეული ქორწინების გაშუქების გამოწვევები

ეთნიკურ უმცირესობებში ადრეული ქორწინების შემთხვევები დიდი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და საინტერესოა, თუ რამდენად ხდება მედია სტანდარტების დაცვა მისი გაშუქებისას. ექსპერტები მსჯელობენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მასობრივი მედია საშუალებები ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და მათ პოლარიზაციაში დიდ როლს თამაშობს. ორგანიზაციების მიხედვით გაშუქების სპეციფიკა და ტენდენციები განსხვავებულია.

 

რადიო ,,მარნეულის“ დამფუძნებლის, კამილა მამედოვას თქმით, რეგიონული მედიები ბევრად კონსტრუქციულები არიან ადრეული ქორწინების შემთხვევების გაშუქებისას, ვიდრე დიდი ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც წესი, ამბავს ,,ერთდღიანი პრიზმიდან“ აშუქებენ. ის აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, როდესაც სოციალური მედიის გავლენა მაღალია, რეიტინგის გამო ბევრი ჟურნალისტი აღარ ითვალისწინებს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს: ,,არის არაადეკვატური დამოკიდებულებები ძალიან ხშირად ჟურნალისტებისგან. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან მარტივია ამაზე საუბარი. ისტორიები სიყვითლის ტენდენციებს იძენს და, რადგანაც ადრეული ქორწინების ფაქტები ხშირად მედია სტანდარტების დაცვით არ შუქდება,  ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება". 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქვეყნის ყოველი მოქალაქისათვის. ეს მრავალფეროვნების იდეა მიემართება როგორც საეთერო პროგრამათა მრავალფეროვნებას, ასევე სამიზნე აუდიტორიასა და თემებს, რომლებზეც ის მუშაობს. საქართველოში აღნიშნული მედია ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების საკითხებში ძირითადად ტრადიციული ღონისძიებების ან მომხდარი ინციდენტების, მათ შორის, ადრეული ქორწინების პოსტფაქტუმ გაშუქებით შემოიფარგლება. სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიურობას თავისი საქმიანობის პროცესში. რის შედეგადაც, ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებები ირღვევა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2023 წლის კვლევითი ანგარიშის ,,მრავალფეროვნების ძიებაში: ეთნიკური უმცირესობები და ქართული მედია” დასკვნა

მაუწყებლებში სიფრთხილით ეკიდებიან დომინანტურ ჯგუფებს და ეთნიკურ უმცირესობებს შორის სადავო საკითხების გაშუქებას. მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ როგორია ეთიკური და პროფესიული ქცევა ამგვარი ამბების გაშუქებისას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს სიფრთხილე არ გადაიზარდოს სისტემურ პრობლემებზე თვალის დახუჭვაში.

ქართული მედიის მიერ ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის ტენდენციები

ეთნიკურ უმცირესობათა თემების გაშუქების კუთხით საქართველოში ჟურნალისტური კულტურა პოლარიზებულია. საზოგადოებრივი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობათა წარმომადგენლების თემების გაშუქება მხოლოდ ნეგატიური ამბების, მათ შორის ადრეული ქორწინების ფაქტების გავრცელებითა თუ სხვა კონფლიქტების სახით არ ხდებოდეს.  კამილა მამედოვას თქმით, ჟურნალისტებმა არსებულ პრობლემაზე ხმამაღლა უნდა ისაუბრონ, თუმცა, ეს მიზნობრივად და მედია სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს.

 

თოზუ გულმამედლი ამბობს, რომ მედია მხოლოდ მაშინ ინტერესდება ეთნიკური უმცირესობების ამბების გაშუქებით, როდესაც ადრეული ქორწინება, პოლიტიკური დაპირისპირება თუ სხვა სახის ინციდენტი ხდება. ,,ჩვენთან ენის ბარიერი არსებობს და შესაბამისად, მედიაში რაც არ უნდა გაშუქდეს, ძალიან ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მედია თუ აიღებს პასუხისმგებლობას (საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამას ვერ ასრულებს), რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე გაავრცელოს სიახლეები და ორიენტირდეს მათ განვითარებასა და გაძლიერებაზე, მაშინ შეგვეძლება მის პროდუქტიულობაზე საუბარი ადრეული ქორწინების მოგვარების კონტექსტში. – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.

0.jpg

ადგილობრივი მედიების მუხლჩაუხრელი ბრძოლა

რადიო ,,მარნეულის“ ჟურნალისტი გვიზიარებს, რომ ადგილობრივი მედიებისათვის ეთნიკური უმცირესობებისათვის სტატიების თარგმნა, ფინანსური თვალსაზრისით, დიდი გამოწვევაა. როდესაც ეთნიკურ უმცირესობებს არ ესმით ქართული ენა, მათთვის საინფორმაციო წყარო მეზობელი ქვეყნების (მათ შორის რუსეთის) სატელევიზიო არხები ხდება. ჩვენი სახელმწიფო კი საკმარისად არ იჩენს ინიციატივას ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის: ,,საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ზრდა გვიწევს, რომ ბრძოლით მოვიპოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე მიღების უფლება“.

კამილა მამედოვა ამბობს, რომ საქართველოს რეალობაში არსებული გამოწვევები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან, ადრეული ქორწინების გაშუქებისას ჟურნალისტებსა და თემს შორის კონფლიქტს წარმოშობს. ,,ჩვენ მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ უფლებრივ ნაწილში ამ თემის ირგვლივ საუბარს, ვიწვევთ დისკუსიას, რაც ადრე არ ხდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ იწყებ ხმაურს, ინსტიტუციების ყურადღების ცენტრში ექცევი. ამ ყველაფერის შედეგად, ადგილობრივი მედიების აქტიური მონაწილეობითა და კონსტრუქციული ჟურნალისტიკით, ეთნიკური უმცირესობების საკითხები აქტუალური გახდა ცენტრალურ დონეზე".

ეთნიკური უმცირესობების ისტორიები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით საქართველოს ყველა სხვა მოქალაქის მსგავსად, თანასწორად უნდა ქვეყნდებოდეს. თავისუფალი მედია დემოკრატიულ ქვეყნებში საჭირო ბერკეტებს ფლობს ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევების პრევენციისათვის, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება თამაშობს. ეთნიკური უმცირესობების საკითხის გაშუქებისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს რამდენიმე ფაქტორი, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს და პრობლემის სწორმა გაშუქებამ ეფექტური შედეგი გამოიღოს.

კამილა-მამედოვა-2-ფოტო-სალომე-ცოფურაშვილ

    რთულია, როცა იმ თემში მუშაობ, სადაც ადრეული ქორწინება აქტუალური პრობლემაა. ამბის გაშუქებისას კონფლიქტში შედიხარ თემთან, რადგან ეთნიკური უმცირესობების აზრით, ამით ეროვნულ დონეზე ხდება მათი ეთნოსის დისკრედიტაცია.

კამილა მამედოვა, რადიო ,,მარნეულის" ჟურნალისტი

დღესდღეობით მსოფლიოს მრავალი ჟურნალისტი საუბრობს ბავშვთა ქორწინების გამოწვევაზე, რომელსაც ყოველწლიურად 15 მილიონი გოგონა აწყდება. მედიის მიერ გაშუქების  საკითხზე ფოკუსირების ტენდენციებმა გადაინაცვლა ნარატივზე, რომელიც ამ პრობლემიდან გამოსავლის ძიებაშიც ერთვება - ეს იქნება ადრეული ქორწინებისადმი დამოკიდებულების ცვლილება, სახელმწიფოს პროაქტიულობის ზრდა თუ სხვა. იმისათვის, რომ საქართველოში ჟურნალისტებმა შეძლონ ამ მეთოდის ეფექტური იმპლემენტაცია, მნიშვნელოვანია, რომ ამბის გაშუქებისას შესაბამისი რეკომენდაციები დაიცვან.  

 

მედიის განვითარების ფონდის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებები და მედია საშუალებები აღიარებენ და სამოქმედო პრინციპად მიიჩნევენ დებულებებს, რომლებიც თანამედროვე ჟურნალისტიკის შემადგენელ ნაწილად და რეკომენდაციად დამკვიდრდა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების, პრობლემების, მოვლენების თუ ახალი ამბების გაშუქების დროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს რეკომენდაციები ერთგვარი გზამკვლევია ეთნიკური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისათვის და ის არ გულისხმობს მედიისთვის ამ საზოგადოებების უარყოფითი მხარეების, ქმედებებისა თუ ქცევის გაშუქების აკრძალვას. 

MDF-ის რეკომენდაციები ეთნიკური უმცირესობების გაშუქებასთან დაკავშირებით

1

Მედია საშუალებებმა არ უნდა მოახდინონ რაიმე პრობლემის ხელოვნური ასოცირება რომელიმე ეთნიკურ უმცირესობასთან და ამით ხელი არ შეუწყონ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ან არსებული სტერეოტიპების გამყარებას.

3

3

Მედიამ არ უნდა გააშუქოს უმცირესობათა მიერ ჩადენილი დანაშაული ან ძალადობა ისეთი ფორმით, რომელიც ხელს შეუწყობს უარყოფითი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

2

მედიამ თავი უნდა შეიკავოს პირების ეთნიკურ კუთვილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისგან. Ეთნიკური კუთვნილება აღნიშნონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ამბისთვის.

4

Საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის საჯარო ფორუმის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, რათა არხმა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული შინაარსობრივი ვალდებულებები შეასრულოს და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს შეუწყოს ხელი.

 სტატიის ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია

bottom of page